ფოტოამბავი | 15 იანვარი სოფელ ბუკნარში

ფოტოამბავი | 15 იანვარი სოფელ ბუკნარში

მინდია გაბაძე

დღეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.

შეხვედრამდე, სოფელ ბუკნარში ადგილობრივმა მუსლიმებმა სამლოცველოდ მოწყობილ საცხოვრებელ სახლში პარასკევის ლოცვა შეასრულეს. პარალელურად, პარაკლისი აღევლინა ბუკნარის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

შეხვედრაზე ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს. განაცხადეს, რომ ყველას აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ერთ სოფელში მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაუშვებელია. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.