აშშ, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებაში ეხმაურებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლვ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პომპეოს განცხადებით, ნავალნის დაკავება რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ჩახშობას ემსახურება, რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები.

ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურნენ სხვა ქვეყნებიც. ნავალნის დაკავება დაგმეს იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში.

„საშინელი დანაშაულის მსხვერპლის დასჯის ნაცვლად, სჯობს რუსეთის ხელისუფლებამ ის გამოიძიოს, როგორ მოხვდა ასე თავისუფლად ქიმიური იარაღი მის მიწაზე“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნავალნის დაკავება დაგმო ევროკავშირმაც. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი Twitter-ზე რუსი ოპოზიციონერის დაკავებას დაუშვებელს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელმაც.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება დაგმეს ერთობლივი განცხადებით ბალტიის ქვეყნებმაც. მათი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს ნავალნი, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ მიმართავენ ევროკავშირს, რათა შეიმუშაონ „საკადრისი პასუხი“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. საპასპორტო კონტროლის გავლისას მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაყოლა მოსთხოვეს, თუმცა არ დააკონკრეტეს აკავებდნენ თუ არა პოლიტიკოსს. ნავალნის თანმხლებ ადვოკატს კი მასთან გაყოლის უფლება არ მისცეს.

მოგვიანებით, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი მასზე დაკისრებული პირობითი მსჯავრის „მრავალჯერ დარღვევის გამო“ დააკავეს.

ნავალნიზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.

ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნება, მისი თქმით, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რეაბილიტაციის პროცესში ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და თავისუფლად გადაადგილება შეძლო.

ის გერმანიიდან რუსეთში 17 იანვარს ჩაფრინდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ თვითმფრინავმა, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში ბრუნდებოდა, დაჯდომისას გეზი იცვალა. ის ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ვნუკოვოს აეროპორტთან ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტრიაზე მალევე გამოჩნდა ომონიც, რომელმაც ნავალნის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ, შეკრებილები კი მათ დახვდნენ შეძახილებით – „ფაშისტებო“.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებული არიან ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ასევე დააკავეს ნავალნის შესახვედრად მისული ათეულობით მოქალაქე.