პრეზიდენტი ბაიდენი გახლავთ ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია- სტოლტენბერგი

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ შტაბ-ბინაში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, მათთვის შეკითხვები დაესვათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა შეკითხვით იენს სტოლტენბერგს მიმართა. მისი შეკითხვა შეეხებდოა იმას, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში რას უნდა მოელოდეს საქართველო NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„პირველ რიგში, მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვალდებულების აღებას, გაძლიერდეს ალიანსი. პარტნიორებთან მე ვერ ვისაუბრებ ახალი ადმინისტრაციის სახელით, მაგრამ მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გახლავთ ტრანსატლანტიკური კავშირების მხარდამჭერი და საქართველოც გახლავთ ამის ნაწილი.

აშშ მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებდა პარტნიორობას  და ნათლად უჭერდა მხარს NATO-ს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიღებდით და ასევე საქართველოს წევრობის საკითხზე NATO-ში.

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას .

ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვახორციელებთ პოლიტიკურ დიალოგს NATO-საქართველოს კომისიის პირობებში. გასულ წელს მე შევხვდი საქართველოს პრემიერსადა საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განგვეხილა შავი ზღვის უსაფრთხოება. როგორ პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ გავაძლიერეთ არსებითი პაკეტი. ასე რომ, შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული ურთიერთობა.

გაძლიერებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებული ვართ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის პროექტის განხორციელებაზე. ვაგრძელებთ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერას. 2021 წელს ვგეგმავთ ნატო-ს მეტ წვრთნას საქართველოში. ჩვენ განვამტკიცეთ თანამშრომლობა საზღვაო სივრცეში. ნატო-მ მხარდაჭერა გაუწია საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს და განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება. რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ეს არის რეფორმების გაგრძელება. ჩვენ ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს აქვს უნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტები, სსადაზვერვო სამსახური და არმიის სამოქალქო კონტროლი. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთად ვმუშაობთ. რეფორმები  არის მთავარი ძალისხმევა და დავალება საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.