სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქმე შეეხება ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი გამოხატა ორმა კომპანიამ.
სუს-ის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და, აქედან გამომდინარე, შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.
უწყების ცნობით, სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.
„გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა.
აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები.
ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მცხოვრებთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, – ნათქვამის სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით – ვადით, ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით – ვადით, სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით – ვადით, სამ წლამდე.