დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.
როგორც ცნობილია, თებერვლის მეორე ნახევარში „კოვაქსის“ პლატფორმიდან შემოვა 29 250 დოზა, რომლითაც დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება.
„სპეციალური პორტალია გახსნილი. ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკების მონაცემების ატვირთვა უკვე მიმდინარეობს. თვითონ ეს დაწესებულებები აფასებენ რისკფაქტორს – მაღალი რისკის, საშუალო და დაბალი რისკის ადამიანები. ხშირად ეშლებათ ხოლმე, ეს არ ეხება მხოლოდ ექიმებს. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ყველა იტვირთება. ასეთი ქვეყანაში 75 000 ადამიანია. აქედან ჩვენი სამიზნე არის, წელს ავცრათ სადღაც 49 000“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან კოვიდკლინიკების თანამშრომლები და მათში პირველ რიგში რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის, მიმღების, სასწრაფოს, ემერჯენსის ექიმები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, 14 000, ვინც ახლა უნდა ავცრათ ფაიზერით, ყველას ვერ მოიცავს და იქაც პრიორიტეტიზაცია გაკეთდება. ამაზე მუშაობა დღეს მიმდინარეობს. თბილისში შერჩეულია, დღეს მარეგულირებელი სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტი ესტუმრება შერჩეულ საავადმყოფებს, შეამოწმებენ პირობებს, რადგან აცრის შემდეგ თითოეული ადამიანი, როგორც წესია, 15-30 წუთი უნდა დარჩეს მოსაცდელში და იყოს დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დანარჩენი ექიმების აცრა მოხდება მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა „ასტრაზენაკას“ ვაქცინა. Ncdc-ის ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მარტის პირველი ნახევრისთვის შემოვა.
„სადღაც 180 000-დან 300 000-მდე და იქაც პირველი, იქნება სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო პეროსნალიდან 7 პროცენტამდე ინფიცირებულია და დღეს მოეწერება ბრძანებას ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, ის ექიმები სამი თვის განმავლობაში არ აიცრებიან.