„მოვითხოვთ გახელაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ - ჰარცელი

პუბლიკა

„ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა გახელაძის უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი კელი დეგნანიც.

მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია მომხდარით და ის გამოთქვამს იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის საკითხი, რათა საქართველოს მოქალაქე მაქსიმალურად დროულად გათავისუფლდეს.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს საგარეო სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მიმართავს მას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.