ფოტორეპორტაჟი | ნამოხვანში კარავი ისევ გაიშალა, პროტესტი გრძელდება

ფოტორეპორტაჟი | ნამოხვანში კარავი ისევ გაიშალა, პროტესტი გრძელდება

მინდია გაბაძე

ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქცია გაიმართა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი. მათ ხელისუფლებასა და ასევე, ნამახვანჰესის მშენებარე კომპანია „ენკას“ მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჰესის მშენებლობა.

დღევანდელი აქციის დასრულებისას, მათ ოთხი მოთხოვნა წამოაყენეს:

  1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკასთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;
  2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტები;
  4. კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა.

აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უკვე 106-ე დღეა ადგილობრივი აქტივისტები – „რიონის ხეობის მცველები“ კარავში ღამეს ათევენ.

დღესვე, „რიონის ხეობის მცველებმა“ ნამოხვანში, კაშხლის მშენებლობის ადგილას კარავი ისევ დადგეს. აღნიშნული კარავი პოლიციამ ერთი კვირის წინ ძალის გამოყენებით ააღებინა მოსახლეობას. ადგილობრივი აქტივისტები ყოველდღიურად ღამის გათევას სწორედ ამ კარვიდან გააგრძელებენ.


ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.