საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს უარი უთხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე

პუბლიკა

„საჯარო რეესტრმა „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ითქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზეც. ამის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრმა გაავრცელა.

მათი თქმით, 2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ და მოითხოვა „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად რეგისტრაცია, ასევე – გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც.

„ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, რომელზეც ის კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო.

აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება;

სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა. ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო, განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევას.

საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე; ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რომ არჩევნები არ დაკანონებულიყო. აღნიშნულის შემდეგ, 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია  შეუჩერდა.

რამდენიმე დღის წინ რაგბის კავშირის წევრებმა, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოუწოდეს იუსტიციის მინისტრს, პირადად დაინტერესებულიყო „საქართველოს რაგბის კავშირში“ მიმდინარე პროცესებით.

„მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ, 30 დეკემბერს ჩვენი გუნდის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ აბუს [ირაკლი აბუსერიძის] გუნდი და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია.  ქვეყნის სამარცხვინოდ, ამ ადამიანებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი მორაგბეებიც პირადი კონტაქტების ხარჯზე ამ სიბინძურეში სახელმწიფოს რიგი სტრუქტურებიც გარიეს“, – აცხადებდნენ ისინი.