მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, უბარიერო სისტემასაც - მდინარაძე საარჩევნო რეფორმაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა. მან საარჩევნო რეფორმის შემუშავების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გაიარეს რეფორმის დეტალები და, მისი თქმით, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა „ამ ისტორიულ და უპრეცედენტო“ საარჩევო რეფორმაში. მდინარაძემ „გირჩის“ შეთავაზებასაც უპასუხა.

„კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ საუბარია „გირჩზე“.

ისინი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ – ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა როგორც ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა, იზიარებენ თუ არა ისინი „გირჩის“ ამ პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს მათი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„ქართული ოცნებისთვის“ შეთავაზებულ წინადადებაზე „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ 2 თებერვალს ისაუბრა:

„[შევთავაზე] თქვენ რა გიშლით ხელს, მოდით დადეთ რასაც ჩვენ ვითხოვთ – პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე. თქვენ ხომ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არ შემოდის , ხომ გაქვთ ეს ინფორმაცია, მოდი, ასეთი თამაში შევთავაზე, თუ თქვენ ამას დადებთ მე ვდებ პირობას , რომ შემოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია, რომ ჩვენ მივიღებთ პროპორციულ უბარიერო არჩევნებს, თუ არ შემოვიდა ოპოზიცია და ეს თამაში მე წავაგე, მე შევალ პარლამენტში და იქ დავრჩები“,- განაცხადა ხვიჩიამ.