უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

პუბლიკა

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან საჯარო პირები, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფოში საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის მოწოდებებისგან“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს უკრაინის საგარეო უწყება.

როგორც სამინისტროს სპიკერი აცხადებს, მსგავსი განცხადებები შეიძლება განხილული იყოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა – „უკრაინას არასდროს მიუმართავს და არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ ქმედებებს.

უწყების განცხადებით, სააკაშვილის ბრალდებას, რომ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კორუმპირებულია, საფუძველი არ გააჩნია.

„უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ აქვს არანაირი საფუძველი, ბრალმდებლის ემოციების გარდა. უკრაინული დიპლომატია არ მიაქცევს ამას ყურადღებას და გააგრძელებს რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან ეფექტურ ბრძოლას, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციას უკრაინის მხარდასაჭერად, ახალი ბაზრების გახსნას უკრაინელი ექსპორტიორებისთვის და საზღვარგარეთ თავისი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – აცხადებს უწყება.


„გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა.