ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“ EMC-ის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს. ორგანიზაცია მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები.
„ენკას“ განცხადებით, ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.
კომპანიის განცხადებას სრულად გთავაზობთ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა და არღვევს სანებართვო პირობებს, რადგანაც შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ გააჩნია.
კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.
2020 წლის 10 ნოემბერს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური წერილის თანახმად (თანდართული დოკუმენტი), სააგენტოს 13.10.2020 წლის Nმ-429 ბრძანების საფუძველზე, შემოწმდა ქვედა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიზნებისათვის მიმდინარე სამუშაოები და დადგინდა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი რიგის სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გაცემული ნებართვის ფარგლებში.
აღნიშნული სამუშაოები სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 აპრილს გაცემული ნებართვა №60-04-ის ფარგლებში ხორციელდება».“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.