გუშინდელი დღიდან ტყიბულში მდებარე ძიძიგურის სახელობის შახტს 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად არ ტოვებს. როგორც ადგილობრივი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, მათ კომპანიამ ხელფასები გაუნახევრა.
„ხელფასები კომპანიამ გაუნახევრათ და აძლევს 50%-ს გეგმის შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თუ გეგმის 90% შესრულებული არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში მეშახტეები მიიღებდნენ 45 ლარს ფიქსირებულად ხელფასის სახით დღიურად“, – ამბობს ბუცხრიკიძე.
მისივე თქმით, გეგმის შეუსრულებლობა დასაქმებულთა ბრალი არ არის, რადგან მეშახტეები დაკისრებულ დავალებებს 100%-ით ასრულებდნენ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანიისა და ხელმძღვანელობის მიცემულ დავალებებს ეს ბიჭები ასრულებდნენ 100%-ით. ანუ ის სამუშაოებზე, რაც ამ ხალხმა 100%-ით შეასრულა, გამოვიდა კომპანია და უთხრა, რომ შენ არ შეგისრულებია ნახშირის გეგმა. მუშა კი პასუხობს, რომ – რასაც მასაქმებდი, იმას ვაკეთებდი 100%-ით და თუკი ნახშირის გეგმა არ შესრულდა და თუკი ნახშირზე არ გვიმუშავია და თუკი შენ ლავი არ გქონდა მომზაზებული, იმისთვის, რომ ნახშირი მიგვეცა, ეგ ჩვენი პრობლემა არ არის, რადგან ამ ხნის განმავლობაში დასაქმებული ვიყავით და პირნათლად ვასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას“, – ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.