„საქნახშირი“ მეშახტეების პროტესტზე: ხელშეკრულების შესაბამისად, გეგმის შეუსრულებლობა ხელფასზე აისახა

პუბლიკა

„საქნახშირი“ 15-მდე მეშახტის პროტესტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანია პროტესტის მიზეზს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას უკავშირებს.

მე-4 უბნის 15-მდე მეშახტე ანაზღაურების განახევრების გამო უკვე რამდენიმე საათია შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს. „საქნახშირი“ აღნიშნავს, რომ დასაქმებულებმა ამ ქმედებით უსაფრთხოების წესები დაარღვიეს და ავარიული სიტუაცია შექმნეს.

კომპანია უბნების მიერ მოპოვებბული ნახშირის რაოდენობას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ IV უბანმა გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულა, „რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორისაა გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა“.

„N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა“, – აცხადებს „საქნახშირი“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. „აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას“.

„11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი. N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს არ ეზღუდებათ სასადილოთი სარგებლობა და სურვილის შემთხვევაში, საკვების მიღების შემდეგ, შეძლებენ უკან დაბრუნდნენ“, – აცხადებს „საქნახშირი“.


გუშინდელი დღიდან ტყიბულში მდებარე ძიძიგურის სახელობის შახტს 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად არ ტოვებს. როგორც ადგილობრივი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, კომპანიამ მათ ხელფასები გაუნახევრა.

„ხელფასები კომპანიამ გაუნახევრა და აძლევს 50%-ს გეგმის შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თუ გეგმის 90% შესრულებული არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში მეშახტეები ფიქსირებულად ხელფასის სახით დღიურად მიიღებდნენ 45 ლარს“, – ამბობს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, გეგმის შეუსრულებლობა დასაქმებულთა ბრალი არ არის, რადგან მეშახტეები დაკისრებულ დავალებებს 100%-ით ასრულებდნენ.