ბანკებმა პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს ჩამოჭრილი სახელმწიფო დახმარება უკან დაუბრუნეს - HRIDC

პუბლიკა

„კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს.

ასეთი საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მომართა. ცენტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო, რის შემდეგაც თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს“, – ამის შესახებ განცხადებას „ადამიანთა უფლებების ცენტრი“ ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ადამიანებისთვის სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს მთავრობის 286-ე დადგენილება ადგენს. დადგენილებაში განმარტებულია, რომ ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ უნდა დაექვემდებაროს ყადაღას და  საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. გაუგებარი იყო, რატომ ჩამოაჭრა ბანკმა დავალიანების დაფარვის მიზნით მოქალაქეებს კომპენსაცია. ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის ფინანსური დახმარებაა, ამ შემთხვევაში კი  სახელმწიფოს  დახმარება ადრესატამდე ვერ მივიდა“, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე.

„ადამიანის უფლებების ცენტრი“ ავრცელებს ასევე ინტერვიუს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ძნელაძესთან, რომელსაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.