„თავს გრძნობს ისე მხნედ, როგორც არასდროს“ | ადვოკატი ნიკა მელიას შეხვდა

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი საპატიმროში შეხვდა. ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. შემხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ნიკა მელიას გზავნილები და განწყობა გააცნო ჟურნალისტებს.

„ნიკა თავს გრძნობს ისე მხნედ, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილია – ბრძოლა ბოლომდე. ასევე ის არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელიც აპროტესტებდა ოფისში უსამართლობას, აბსოლიტურად მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, დახვდა სპეცდანიშნულების რაზმს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ.

რაც შეეხება განწყობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, იგი არის ძალიან ამაღლებულ განწყობაზე, ძალიან მხნედ. იგი მოუწოდებს თავის მეგობრებსა და საზოგადოების წევრებს რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ისე არის დარწმუნებული გამარჯვებაში როგორც არასდროს.

ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას  ვაგრძელებთ, ჩვენ გვექნება როგორც პატიმრობის გაუქმების კუთხით, ასევე როცა დაიწყება არსებითი განხილვა თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ რომ ეს საქმე არის შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაბიჯებს, ეს მის თანაგუნდელებს უნდა ჰკითხოთ, “- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.