ვაპირებ, დღეს აქ დავრჩე, რადგან საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია - უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის წინ დარჩება.

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის ლიდერები შეადგენენ გრაფიკს, რომელ დღეს ვინ დარჩება ღამით აქციაზე. ასევე, თქვა, რომ, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს დარჩენის, გაიაროს რეგისტრაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი არ არის, კომენდანტის საათია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩვენგანი პირბადეებით დავდივართ – ვცდილობთ, თავი დავიცვათ და სხვებიც დავიცვათ. ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩვენ აღარ გვაქვს ფუფუნება, ასე თბილად ვიჯდეთ. მე ქედი მინდა მოვიხარო ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც აგერ უკვე სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იბრძვიან, კარვისთვის. ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს სისუსტე მეც მქონდა, როცა მერი ვიყავი, მერე მივხვდი, რომ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა მეგობრებო – ამახინჯებს ქალაქს, გასასვლელი არ არის და ა.შ.

ამიტომ მე ამ ჩვენს მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე იმიტომ, რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემს საშუალებას, ჩაერთვება ამ საქმეში.

აქ იქნება ჩვენს მეგობრებთან რეგისტრაციის შესაძლებლობა. ვინც დარჩებით, გაიარეთ რეგისტრაცია, ასევე, ჩვენც პოლიტიკური ლიდერები გავაკეთებთ გრაფიკს და აქ იქნება, ცხელი, თავისუფალი წერტილი“,  – განაცხადა გიგი უგულავამ.


პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებმა კარვები გაშალეს. დღეს 3 საათისთვის ოპოზიციამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

დღესვე დაანონსდა მომდევნო აქციაც – 26 თებერვალს, 3 საათზე ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გეგმავს, მოთხოვნით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.