ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს - ხაზარაძე

პუბლიკა

ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ბედნიერი ადამიანების ქვეყანა. და ეს ბედნიერება არ არის აბსტრაქტული ცნება. ის გაზომვადია, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაეროს ქვეყნების ბედნიერების ინდექსის  მიხედვით  საქართველო 160 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა.

„ქვეყნის ბედნიერების ინდექსი იზომება ეკონომიკური, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების დაცვის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და სხვა პარამეტრების ერთობლიობით. შესაბამისად, ნებისმიერი ჩვენი სვლა ამ სიის მოწინავე რიგებისკენ ნიშნავს ყველა ამ მაჩვენებლის მკვეთრ გაუმჯობესებას.

ეს იქნება პირველი ინდიკატორი როგორც ადამიანების კეთილდღეობის რეალური გაუმჯობესების, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.

მას მიაჩნია, რომ ქვეყანას სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რომელიც კვალიფიციური და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი გახდება.

ამასთან, როგორც სიტყვით გამოსვლისას ხაზარაძემ განაცხდა, მისი შეფასებით, დღევანდელი მმართველი ძალა კარგავს საქართველოს დასავლელი მეგობრების ნდობას და ქვეყანას ჩრდილოეთის ვექტორის მიმართულებით მიაქანებს.

მისი თქმით, ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ღიად პრორუსული ძალები და ამ უპრინციპო ადამიანებისთვის სულერთია ვინ იქნება მათი ქვეყნის პარტნიორი: ცივილიზებული სამყარო, თუ ქვეყანა, რომელმაც ორასი წლის წინ მოახდინა ჩვენი ანექსია და დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგაც გვებრძვის.

„ჩვენს თვალწინ სხვადასხვა ფორმით თავს ესხმიან ქვეყნის სულიერ საყრდენს – მართლმადიდებელ ეკლესიას, რადგან ეკლესია, როგორც ყველაზე  ავტორიტეტული ინსტიტუცია და მისი გავლენა მათ ბევრ რამეში უშლით ხელს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანისთვის უნდა გაკეთდეს შემდეგი:

ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება. საქართველოში უნდა აამოქმედონ საერთაშორისო საფონდო ბირჟა, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს თავდაცვის სისტემები, მათ შორის კიბერთავდაცვა და უსაფრთხოება. მისი თქმით, უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის რაციონალური დიალოგის შედეგად დადგინდება.

იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება – ეს იქნება მათი უმთავრესი საპროგრამო ამოცანა.

სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა – ეს კი ჯანდაცვის  პროგრამის წარმატების მთავარი ნიშნული, – ამბობს ხაზარაძე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს – „ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა”, – განაცხადა ხაზარაძემ.


დღეს გამართულ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს. პარტიის გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება. „ლელოს” შეუერთდნენ პარტია „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.