შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, შვედმა დიპლომატმა თბილისში ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის მისი მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი ამ ეტაპზე დაასრულა და ბრიუსელში დაბრუნდა.
გუშინ დანიელსონმა 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მიშელის დატოვებული 6-პუნქტიანი გეგმიდან ნაწილზე იყო პროგრესი, პუნქტების ნაწილზე კი ვერ შეთანხმდნენ.
„წავალ და ამ ყველაფერს მოვყვები ბრიუსელში“. – თქვა დანიელსონმა და კიდევ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ.
„ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებისთვის“
-
რა საკითხები განიხილეს მოლაპარაკების მაგიდასთან; 6-პუნქტიან გეგმაში არსებული პუნქტების გადასაჭრელად რა გზები იყო შეთავაზებული მედიატორის მხრიდან მხარეებისთვის – ამ კითხვებზე შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაიმეორეს ის, რასაც მთელი მოლაპარაკებების განმავლობაში ამბობდნენ – „დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.“თუმცა ერთმნიშვნელოვნად ჩანდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციისთვის პრიორიტეტულ ორ თემაზე ვერ მოხდა შეთანხმება – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა“. – განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
„ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში. ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად. ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება, გაგვეკეთებინა გარღვევა“. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
და მაინც, გავიგეთ თუ არა რამე კონკრეტული შეხვედრიდან გამოსულთა კომენტარებით ?
მოლაპარაკების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვა და პოზიციები, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მომლაპარაკებლებმა მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ შეძლეს, დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა თანხმობა. ვერ მოახერხეს.
„აქამდე ისინი ვერ მივიდნენ. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა და ჩვენთვის თავიდან ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა ბოლოს ცხადი გახდა, რომ დოკუმენტი ფუჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე, ანუ საუბარი იმაზე კი არაა, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყვნენ, არაფერ რაციონალურზე ისინი თანახმანი არ იყვნენ, საერთოდ არაფერზე. მაგის გამო დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, თუმცა „ქართული ოცნება“ არაფერზე არ იყო თანახმა.
„მაგიდაზე იდო ექვსივე პუნქტი, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, თუმცა, თუ კითხვა ეხება იმას, რაზე დაიხარჯა ამდენი დრო, ამდენი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, რომლებზეც შემდეგ „ქართული ოცნება“ იძახდა უარს. შემდეგ მომლაპარაკებლები მიდიოდნენ და ასწორებდნენ ამ ვერსიებს და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა იმ სხვადასხვა პუნქტს, ეს არ ყოფილა განხილვის საგანი. ისინი ცდილობდნენ, ჯერ დოკუმენტი ისეთი მაინც ყოფილიყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ეთქვა კი, რამეზე მაინც. მათ შორის, დრო დაიხარჯა იმაზე, რომ მათ ჰქონდათ მუდმივი კონსულტაციები ბრიუსელთან“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
-
„სრულიად შეურაცხადი პოზიცია იყო, ამდენი საათის განმავლობაში პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე.“
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს, კერძოდ, ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვებაც. ეს არის ამდენი საათით გაგრძელების ერთადერთი ახსნა. დათმობამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან, ჩემი აზრით, გამოსავალს იპოვიდა. ვგულისხმობ, ყველა საკითხს და მათ შორის გამოვყოფდი, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრებს – მელიას, რურუას და ვადამდელი არჩევნების საკითხს. – განაცხადა ბოკერიამ.
ენმ-ის წარმომადგენლის, აკო მინაშვილის თქმით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემა იყო მთავარი, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.
„დღეს „ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას. რა იყო ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება, კრიზისი რომ განმუხტულიყო? ეს იყო პოლიტპატიმრების გამოშვება; ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება; ზოგადად, პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში და ვადამდელი არჩევნები“. – განაცხადა აკო მინაშვილმა.
-
რა თქვა „ოცნებამ“ – „ულტიმატუმები უკავშირდება ორ პუნქტს“
კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა უამრავი რამ შესთავაზა ოპოზიციას, თუმცა ისინი მხოლოდ ულტიმატუმებს უყენებდნენ. მისი თქმით, ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს და ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.
„მე დეტალებს ვერ გავშლი, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით უამრავი რამ შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველა მიმართულებით, თუმცა ოპოზიციას ჰქონდა ულტიმატუმები, რომლებიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ითვალისწინებდა (გამგები ალბათ გაიგებს) კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ეს ერთი და ითვალისწინებდა სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვასაც, სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას. ამით ისინი გამოირჩევიან, ხომ, იგივე რომ გავიხსენოთ, თუნდაც მელიას საქმე, მან პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, როდესაც თქვა, რომ არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ“.– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკება?
არჩილ თალაკვაძის თქმით, მომავალში მოლაპარაკებები შესაძლოა, გაგრძელდეს ელჩების ფასილიტაციით.
„ამ მოლაპარაკებებში ჩვენ მივიღეთ საკმაო გამოცდილება. საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და მიიყვანოს ბოლომდე. ასეთი პლატფორმა შეიძლება, რა თქმა უნდა, იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება, იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა. შეიძლება, იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“. – განაცხადა თალაკვაძემ.
იგივე თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორები შექმნილ ვითარებას ბრიუსელში განიხილავენ. ამ ეტაპზე კი პროცესი შეჩერდა.
„როგორ გაგრძელდება პროცესი? – ამ ფაზაში ეს საკითხი დასრულებულია. როდესაც ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის, ეს ყველამ დაინახა. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად საზოგადოებისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.