ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, ხობის პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის ახალგაზრდა სცემეს. ადვოკატის თქმით, 21 წლის ახალგაზრდა ხობში ერთ-ერთი რესტორნის წინ იდგა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ და სამმართველოში გაყოლა მოსთხოვეს.
მან პოლიციელებს მიზეზი ჰკითხა რასაც სამართალდამცავების მხრიდან აგრესია მოჰყვა.
ის ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს სამმართველოში, სადაც ფიზიკურად იძალადეს მასზე.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამჟამად პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის მსხვერპლი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება.
ტელეკომპანიამ ასევე ჩაწერა დაზარალებულის ოჯახის წევრები, რომლებიც მოძალადე პოლიციელების იდენთიფიცირებას და დასჯას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, დაკავებულს 3 სამართალდამცავი ურტყავდა.
“მას უთხრეს რომ გაყოლოდა სამმართველოში. უარი განაცხადა. მოხდა შელაპარაკება, ამის მერე ძალის გმაოყენებით ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს სამმართველოში, სადაც განახორციელეს ძალადობა მასზე. დაზიანებები აქვს თავის არეში, აქვს თავის ძლიერი ტკივილი და ღებინების შეგრძნება. თვითონ ამბობს რომ 3 სამართალდამცავი ურტყავდა. არაფერს არ თხოვდნენ, უმიზეზოდ სცემდნენ, როგორ გაბედა და შეგვეპასუხეო.”- განუცხადა “მთავარს” ადვოკატმა.
ხონის პოლიციის სამმართველოს უფროსმა დავით პაპავამ ჟურნალისტთან კომენტარი მომხდარზე არ გააკეთა და ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაამისამართა.
“პუბლიკა” მომხდარზე ინფორმაციის მისაღებად შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, პირი რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებით დააკავეს.
რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიებას, უწყების ცნობით მიმართვის შემთხვევაში, ფაქტზე მოკვლევას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაიწყებს.