ევაკუაციის გეგმა შედგენილია, თუმცა მისი გამოყენების აუცილებლობა დღეს არ არსებობს - ბენდელიანი

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაიდო პირველადი გეგმა და იწყებენ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ.

ასევე, მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება უახლოესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ მეწყერული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ საფრთხე იარსებებს, დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი და ყველა საჭირო პრევენციული ზომა”, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, ევაკუაციის გეგმა შედგენილია და მასზე, მერიასთან ერთად, სხვა შესაბამისი უწყებებიც მუშაობდნენ.

„ევაკუაციის გეგმა შედგენილია შესაბამისი სამსახურების მიერ, თუმცა ამისი გამოყენების აუცილებლობა დღეს არ არსებობს… ჩვენ ბოლომდე მართვად სისტემასთან დღეს არ გვაქვს შეხება, მეწყერი ჯერ დასტაბლურებული არ არის და ის პროგრესირებს, შესაბამისად, ყველანაირი შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოების სრულად  დასრულების შემდეგ, მერიას დაგეგმილი გვაქვს, რომ იქ იყოს მუდმივი მონიტორინგის სისტემა.