„ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი. აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია” – ამის შესახებ პრემირმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენეგროდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ არის წლების წინ დამუშავებული, 40 წლის წინ არის დაწყებული მუშაობა ნამახვანჰესზე. ის აჟიოტაჟი, ხმაური რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორეს მხრივ, მოსახლეობა, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად არის ჩართული ამ პროცესში, მე მინდა გავმიჯნო ამ პროტესტში გულწრფელად ჩართული მოქალაქეები და ზოგიც პოლიტიკურად ანგაჟირებული უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს ჰიბრიდული ენერგეტიკული ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან… როგორც მან აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება მოხმარება და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება, „აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე, საშუალო და მიკროჰესების მშენებლობას”.
„იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, გულწრფელად რომ წუხს, იმიტომ, რომ ინფორმაცია არ აქვს ზოგს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მე ნამახვანჰესთან დაკავშირებით დავავალე მინისტრებს, ადგილზე ჩავიდნენ, შეხვდნენ ყველას, დავიწყეთ საუბარი. ასევე, ჩვენ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. მე მინდა მათ შორის გამოვყო პირველი – უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად, ჩვენი და უცხოელი ექსპერტების მოწვევით, ასევე შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არაა დამაზიანებელი. ასევე რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება 5-მილიონიანი ფონდი, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს კომპანიას, ამ კომპენსაციებში გადახდილი აქვს, ამას გარდა კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში.
დღეს დამისახელეთ კომპანია, რომელიც COVID-პანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში?! და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენივე ნებით და ვაფერხებთ სამუშაოებს. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი, 400-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ქვეყანას და ენერგოსისტემას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა კომპანიისთვის მიწების გადაცემას და აღნიშნა, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში.
„შესაბამისად, ეს რაღაც გაუაზრებელი და ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა და მათ შორის ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა მან.