Facebook-მა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები წაშალა - DFRLab

პუბლიკა

Facebook-მა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული სოციალური ქსელის გვერდები, ჯგუფები და პირადი ანგარიშები გააუქმა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით, საუბარია ჯამში 70 აქტივზე, რომლებიც თავს ნიღბავდნენ, როგორც გასართობი და სავაჭრო პლატფორმები.

როგორც DFRLab-ის ასოცირებული მკვლევარები, ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა სოციალურ ქსელში წერენ, გაუქმებულ გვერდებს შორისაა ქართული მარშის რამდენიმე ოფიციალური გვერდი, „მარში ტვ“-ის გვერდი, სადაც პარტიას მაუწყებლობა უნდა დაეწყო და ასევე, პარტიის ერთ-ერთი ლიდიერის, ირაკლი შიხიაშვილის გვერდი.

„ქსელში შედიოდა 24 Facebook-გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი, რომელთა გამომწერთა რაოდენობა დაახლოებით 119,000 ადამიანი იყო. ქსელის ზოგიერთი ექაუნთი „ქართულ მარშთან“ ერთად POSTV-ის მასალას არეკლამებდა“, – აღნიშნავს ბუზიაშვილი.