ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 ახალი სარჩელი გაიგზავნა. სარჩელები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.
დემონსტრატებისა და ჟურნალისტების სახელით სტრასბურგს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი მიმართავენ.
„2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ“, – წერს საია.
გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა
ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ, მათ შორის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა, მათ შორის, მედიის ცხადად იდენტიფიცირებადი წარმომადგენლების მისამართით. ასევე, დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ. შედეგად, მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფმა ოთხმა პირმა თვალი/ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. აღნიშნული ქმედებები, თავისი არსით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება, და, ასევე, მიუთითებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და წვრთნების ნაკლებობაზე. ამასთან, წარდგენილ საჩივარში საია ასაბუთებს, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი.
დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა
20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. სამართალდამცავთა მხრიდან დაკავების და შემდგომ პერიოდში განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შედეგად არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც დაკავების დროს/შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა
აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.
გამოძიების არაეფექტიანობა
2019 წლის 22 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (‘სსკ’) 333 (3) (ბ) მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე) დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ნოემბერში საიამ ანგარიში „დაკარგული თვალის მიღმა“ გამოაქვეყნა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს აფასებს. ანგარიშს თან ახლდა რეკომენდაციები, მათ შორის, ერთ-ერთი ჩადენილ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იყო, თუმცა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 21 თვეზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობს, არ არის სრულყოფილი და, შედეგად, არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. კერძოდ:
1. დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა/დაზარალებულების არაეფექტიანი ჩართულობა
დღემდე, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან 20 პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი დასტურდება საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეო-მასალის, სამედიცინო დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი საიას დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირს, მაია (მაკო) გომურსა და გიორგი სულაშვილს, აქვთ, გენერალური პროკურატურა მათ არ აძლევთ საქმის სრულ მასალებზე წვდომას, და მხოლოდ უზრუნველყოფს იმ მასალების გაცნობას, რომლებიც, საგამოძიებო ორგანოს მოსაზრებით, შემხებლობაშია მომჩივნების საქმესთან. აღნიშნული ართმევს მომჩივნებს დაზარალებულისთვის საპროცესო კოდექსით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობას.
2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურება
გენერალურმა პროკურატურამ სამხარაულის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2019 წლის 02 ივლისს, და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირადი შემოწმების გარეშე, დანიშნა. დღემდე საგამოძიებო ორგანო, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობაზე უარს ასაბუთებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების არარსებობით. ხაზგასასმელია, რომ ექსპერტიზის დანიშვნიდან 21 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის პასუხები კი ამ დრომდე პროკურატურას მოპოვებული არ აქვს, რითიც მნიშვნელოვნად ჭიანურდება პროცესი.
3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა
გენერალურმა პროკურატურამ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო გონივრული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც, მათ შორის, მოთხოვნილი იყო საიას მიერ, და რომლებიც აუცილებელია მომჩივანთა დაზიანების გარემოებებისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად.
4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია
ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. მომჩივანთა საქმეებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო სერიოზულია, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ეს, შესაძლოა, ემსახურებოდეს სამართალდამცველთათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფ მედიის წარმომადგენლებს აქციის დაშლის დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, გამოძიება არ მიმდინარეობს სსკ 154-ე მუხლით (ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა).
5. დამნაშავეთა დაუსჯელობა
როგორც სახალხო დამცველის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიშიდან იკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა, დევნა დღემდე არ დაწყებულა.
აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები
წარდგენილ საჩივრებში სადავოა აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება.
„საიას მიერ წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა“, – აცხადებს ორგანიზაცია.