ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის დადგმის უფლება არ მისცეს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის გაშლა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, მათ ჰქონდათ კარვის გაშლის უფლება და ამის შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციაშიც.

„კანონით გვაქვს ამის უფლება, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოვხატოთ. ვნახეთ სამწუხარო ფაქტი. როცა ქვეყანაში კრიმინალია გამეფებული, პოლიცია შეშას და კარავს დასდევს. თავიდანვე გვითხრეს, რომ კარვის დადგმის უფლება გვქონდა, მათ შორის პოლიციამ, მაგრამ, როგორც კი გამოვიტანეთ კარავი, თურმე აღარ შეგვიძლია. წყნარად ვეუბნებოდით, ეთქვათ, სად შეგვეძლო კარვის დადგმა, რათა მათაც ხელი არ შეშლოდათ. გვითხრეს, რომ არ უნდა დავდგათ, შეგვიძლია წავიღოთ და სახლში დავდგათ. ეს არის დამცინავი დამოკიდებულება იმ სექტორის მიმართ, რომელსაც საქართველოს 99% ჰყავს დასაქმებული. არც გვისმენენ და პროტესტის გამოხატვის უფლებასაც არ გვაძლევენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ფორმულას“ ეთერში.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ შეატყობინეს სახალხო დამცველს.