სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც მან გადმოცემით იცის, მდინარეში ახალგაზრდა კაცი თავად გადახტა.
„კარავში ვიყავით, არანორმალური ყვირილი გავიგონეთ გარეთ, გავიქეცით, გავიგეთ წყალს მიჰყავს კაციო. ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც მოდიოდა მდინარის ნაპირიდან, ჰყვება, რომ გამოვიარე და ტელეფონი მომაწოდა, ჩემს მეგობარს გადაეციო, ვისთან ერთადაც თბილისიდან იყო ჩამოსული. სახელი დააზუსტებინა, ვის მივცეო, შემდეგ კი სახელი რომ უთხრა, გადამხტარა მდინარეში. ამ ბიჭმაც დაიწყო ყვირილი. ბიჭები გაიქცნენ, ზოგი წყალში შევიდა. ბიჭები ამბობენ, რომ არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო. სიღრმეში მიდიოდაო“, – თქვა მაკა სულაძემ.
მაკა სულაძის განცხადებით, ახალგაზრდა კაცი ბოლო დღეებში ნამოხვანის კარვებში მათთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ისინი მას პიროვნულად არ იცნობდნენ, ვინაიდან სულაძის თქმით, მათ ბოლო პერიოდში ბევრი მხარდამჭერი უერთდება სხვადასხვა რეგიონიდან.