მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, მივიღეთ გადაწყვეტილება კარვების გატანის - შსს

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ „რიონის ხეობის მცველებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიცია მათი კარვების დაშლას გეგმავს.

შსს-ს ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

მათივე ცნობით, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, კარვები არ არის მდინარესთან ახლოს. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ კარვები პოლიციამ აიღოს.