ნამახვანჰესი | თბილისში დაგეგმილი სოლიდარობის აქცია გუმათში გაიმართება

პუბლიკა

ნამახვანჰესთან დაკავშირებით დღეს, 12 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებული სოლიდარობის აქცია აღარ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი გუმათში რიონის ხეობის მცველების პროტესტს შეუერთდებიან.

„რიონის ხეობის მცველებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ბრძოლის მთავარ ცენტრად უახლოეს დღეებში გუმათი გამოაცხადონ და მკაფიოდ მოგვიწოდეს, რომ ჩვენი სოლიდარობა ახლა მათ სწორედ გუმათში სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ თავად დააანონსეს თბილისში აქცია უახლოეს მომავალში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავითვალისწინოთ მათი სიფრთხილისა და აუჩქარებლობის სტრატეგია, მათი მოწოდებები და თავი შევიკავოთ თვითორგანიზებული ქმედებებისგან.

სწორედ ერთმანეთის გათვალისწინების ამ პრაქტიკამ და ამ სულისკვეთებამ მოიტანა პროცესი აქამდე და მთელი საქართველო გააერთიანა. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ერთად ჩავიდეთ ხვალ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მონაწილეები ახლა ღამეს ათევენ. აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო. აქტივისტები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუშინ სოფელ გუმათთან იმყოფებოდნენ. პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში გუმათჰესთან გაშლილ კარვებში დარჩნენ. მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მათ შეკრების შესაძლებლობა სოფელ ნამოხვანში მისცეს, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.  პროტესტის ნიშნად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუშინ გუმათთან ნამოხვანიდან ქუთაისისკენ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანში აქციის გასამართავად ისინი სამართალდამცველებს ალტერნატიულ ლოკაციასაც სთავაზობენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო იქნება კარვების გასაშლელად. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელში გადაადგილების საშუალება მისცეს.