აქცია 4 საათზე დაიწყება. თუ დაგვარბევენ, მოგვიწევს, გადავინაცვლოთ თბილისში - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ გუმათში აქცია 4 საათზეა დაგეგმილი. ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გუმათში შეიკრიბონ და გააპროტესტონ ხელისუფლების ქმედებები, რომლითაც მათ მშვიდობიანი გაპროტესტების უფლება შეეზღუდათ.

„რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ შეკრებას, აქ დილიდან იკრიბებიან ადამიანები. 4 საათზე გვაქვს აქცია. 4 საათზე დავიწყებთ მიმართვას. საათი გუშინ შეგნებულად არ გვითქვამს. ჩვენ აქ ვართ 24 საათის განმავლობაში, არ ვტოვებთ ტერიტორიას და ამიტომ არ ვაანონსებთ კონკრეტულ საათებს. ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, შემოგვიერთდნენ და გავაპროტეტსტოთ ის, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა შეგვიზღუდა. რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, აგვიშალეს კარვები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.  ვიკრიბებით აქ და გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ამოხვიდეთ გუმათში, დავდგეთ ერთად და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ეს ჩვენი მშვიდობიანი პორტესტი, რომელიც გრძელდებოდა 169 დღეა კარვებში, ნამოხვანში, ჩვენთვის ის სივრცე მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა მან.

მისი თქმით, მათ აქვთ ორი მოთხოვნა – შეწყდეს სამუშაოები ხეობაში და კვლავ მიეცეთ საშუალება, რომ კარვები გაშალონ. აქტივისტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებენ საპოლიციო ძალებს და აქციას დაარბევენ, გადავლენ მორიგ გეგმაზე და თბილისში გამართავენ აქციას. გოლეთიანის განცხადებით, რიონის ხეობის მცველები დანებებას არ აპირებენ და „სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ“.

„თუ გამოიყენებენ საპოლიციო ძალებს და დაგვარბევენ, ამ არაადამიანურ ნაბიჯებს გააგრძელებენ, ჩვენ მივმართავთ ამ ჩვენს გეგმას – არ ვაპირებდით მალევე განგვეხორციელებინა ეს გეგმა, რაც უკავშირდება თბილისში აქციის ჩატარებას. მოგვიწევს, რომ გადავინაცვლოთ [თბილისში] და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება გაცილებით მძიმე პროცესი ხელისუფლებისთვის და ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ამიტომ, თუ ეყოფათ გონიერება და გამჭრიახობა, ეს მათთვის იქნება კარგი. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ,  ყოველგვარი გადაჭარბების და შელამაზების გარეშე“, – თქვა აქტივისტმა.


გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო. აქტივისტები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუშინ სოფელ გუმათთან იმყოფებოდნენ. პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში გუმათჰესთან გაშლილ კარვებში დარჩნენ. მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მათ შეკრების შესაძლებლობა სოფელ ნამოხვანში მისცეს, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.  პროტესტის ნიშნად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუშინ გუმათთან ნამოხვანიდან ქუთაისისკენ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანში აქციის გასამართავად ისინი სამართალდამცველებს ალტერნატიულ ლოკაციასაც სთავაზობენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო იქნება კარვების გასაშლელად. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელში გადაადგილების საშუალება მისცეს.