„ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან”, – ამის შესახებ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA აცხადებს.
„კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.
2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია – კერძოდ, 70,171 ლარი (იხ. დანართი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი)”, – ნათქვამია განცხადებაში.
სოფელ ნამოხვანში, სადაც რიონის ხეობის მცველების კარვები იყო გაშლილი, გადათხარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ აქტივისტი ნუგზარ გოდოლაძე ავრცელებს.
როგორც ის „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივი ლალი ეფრემიძის ტრადიციულ სარგებლობაშია, ოფიციალურად კი მის სახელზე მიწის ნაკვეთის დამტკიცება სპეციალურად ჭიანურდება.
გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო.