ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასახული დარღვევის საფუძველზე გათავისუფლდა.
30 მარტს ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის მერიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის. როგორც ის აცხადებდა, ბულვარი არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი.
30 მარტს ბათუმის მერიაში ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ.
საკრებულოს სხდომაზე უნდა განხილულიყო სასტუმრო „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი. თუმცა ხმაურისა და პროტესტის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.
„ბულვარი არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი. მე სხვა არაფერი არ მითქვამს, არავის ვეწინააღმდეგები. მე როგორც ბულვარის დირექტორმა აზრი დავაფიქსირე. ჩემი ვალდებულება იყო. სულ რაღაც 10 დღეში შემოვა უკვე განაშენიანების გენერალური გეგმის დოკუმენტი და დაველოდოთ ამ დოკუმენტს. ვნახოთ, რა იქნება დოკუმენტში. იქნება კერძო პლაჟები, თუ იქნება ყველასთვის. არ გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება. სანაპირო არის ძალიან პატარა. ბათუმის პლაჟი უნდა იყოს ყველასთვის. ბათუმის პლაჟით სარგებლობს ყველა, როგორც ბათუმელი, ისე გურული, ისე იმერელი, თბილისელი, კახელი და არ ჰყოფნით“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ 30 მარტს.
ამ მოვლენების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დამტკიცებამდე გამოცხადდა მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. მორატორიუმი არ შეხებია მიმდინარე მშენებლობებს.