ამ ტრაგიკულ შემთხვევას პირდაპირ კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს ვერ დავუკავშირებთ | გაბუნია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ოკუპირებული გალის მოსახლეობისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის მოხსნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.  მისი თქმით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აღწერილია მანამდეც და მას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ საკარანტინო შეზღუდვებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები პანდემიის პირველი დღიდან ჩვენთვის ცნობილი იყო და ძალიან მტკივნეული საკითხია. ამაზე არაერთხელ იყო მსჯელობა და ის მექანიზმები, რომლებიც დადგინდა, დადგინდა ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და საუბედუროდ,  მანამდეც იყო მსგავსი შემთხვევები აღწერილი. ამ შემთხვევას პირდაპირ ეპიდემიას და კარანტინს დაკავშირებულ მიდგომებს ვერ დავუკავშირდებთ. კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს, მექანიზმი რომელიც დამუშავდა, იქნება ისეთი, რომელიც ხელს შეუშლის ეპიდრისკების ზრდას“, – განაცხადა გაბუნიამ.

2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.

არაერთმა ორგანიზაციამ და ომბუდსმენმაც მოუწოდა  ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.