რიონში ახალგაზრდა მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ | რა შეკითხვები აქვს ადვოკატს გამოძიებასთან

პუბლიკა

მეოთხე დღეა მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თვითმხილველის გადმოცემით, ახალგაზრდა კაცი სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონში 10 აპრილს გადახტა.

როგორც რიონის ხეობის აქტივისტები მოწმის მონათხრობს ჰყვებიან, მამაკაცმა მდინარეში შესვლამდე მობილური ტელეფონი მოწმეს მიაწოდა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა.

„პუბლიკასთან“ საუბრისას მოწმის ინტერესების დამცველი დალი სულაქველიძე ამ ეტაპზე საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს იმ დეტალებს, რაც მათთვის გამოძიებისადმი ეჭვის საფუძველს ქმნის. ის მიანიშნებს, რომ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობს და რეალური საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე არ ჩატარებულა.

როგორც ის ამბობს, პოლიციას გაუჩინარებული პირის ნივთებიც არ დაუთვალიერებია, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები შედგენილა, დაასურათეს თუ არა ადგილი, მისი თქმით, არც ეს ჩანს საქმის მასალებით. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ადვოკატი ამბობს, რომ არც ის შემოფარგლულა სათანადოდ და მეორე დღეს იქამდე მისასვლელი გზა საერთოდაც გადახნეს.

რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, მას ამ მიმართულებითაც აქვს კითხვის ნიშნები. მისი თქმით, თავდაპირველად მოწმეს ის პოლიციის უფროსის მოადგილემ გამოართვა, შემდეგ კი უკან გადასცა და უთხრა, რომ როცა გამოიკითხებოდა, ოფიციალურად თავად გადაეცა გამოძიებისთვის. მისი თქმით, მსგავსი რამ საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.

რაც შეეხება მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებს, ამ ეტაპზე ის დალუქულია და პოლიციის სამმართველოში ინახება.

რატომ ვერ გაიხსნა ამ დრომდე ტელეფონი – როგორც ადვოკატი განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ მობილურ ტელეფონზე დაყენებულია კოდი, სამმართველოში მათი თანდასწრებით ვერ მოხდა მისი გახსნა და ნახვა, არის თუ არა მასში საგულისხმო ინფორმაცია.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ტელეფონი გაიხსნას, საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზა, რაზეც შესაბამისი ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს. თუმცა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია, რომ მსგავსი ნებართვა მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლების შემთხვევაში გასცეს.

დალი სულაქველიძის თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო [თვითმკვლელობამდე მიყვანა], რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და ამის გამო, სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, გაცნეს ნებართვა და შესაბამისად დაინიშნოს ექსპერტიზა მობილური ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოსაღებად.

დალი სულაქველიძემ ასევე აღნიშნა, რომ სანამ ტელეფონი დაილუქებოდა, ის გარეგნულად დაათვალიერეს და მასში ტელეფონის ნომერი არ იყო.

„გადაცემის დროს, ტელეფონის დათვალიერება რომ ხდებოდა, იქ ვნახეთ, რომ ნომერი არ იყო, მეგობარმაც თქვა, რომ ნომერი არ ჰქონიაო. ინტერნეტს კი სხვები უზიარებდნენო“, – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმეზე გამოსაკითხ პირთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 25-30-ია. მათი გამოკითხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მომხდარს, როგორც ადვოკატი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, პირი, რომელიც მდინარეში გადახტა, საკმაოდ კარგად ცურავდა (მდინარეში რომ შევიდა, მიცურავდა სიღრმეში) და ამას მოწმის გარდა, ყველა ის პირი ხედავდა, რომელიც მის დასახმარებლად ნაპირთან იყო თავმოყრილი. მისივე თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული პირი რიონის ხეობაში შემთხვევამდე 2 დღით ადრე ჩავიდა და ადგილობრივებთან კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდა.

შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს მხოლოდ ის, რომ საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და სამძებო სამუშაოები.