ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს

პუბლიკა

„ხეობისკენ გზა სრულად ბლოკირებულია”, – ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან, სოფელი გუმათის შესასვლელთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს. როგორც ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, პოლიციის უფროსისგან ვერ მიიღეს დასაბუთება, რატომ არ უშვებენ ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაკეტონ გზა, რათა ხეობაში შესვლა კომპანიის მანქანებმაც ვერ შეძლოს.

„ვერაფერი ვერ გვიპასუხა სამხარეო პოლიციის უფროსმა, რატომ გვეკრძალება სოფელ ნამოხვანში შესვლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება და საპოლიციო ძალები. ამიტომ გადმოვინაცვლეთ კომპანიის ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას და ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ აქ ვერავინ გადაადგილდეს.

თუკი ჩვენ სრულიად დაუსაბუთებლად და უსამართლოდ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მაშინ ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება”, – განაცხადა გოლეთიანმა.


11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. მოტივად უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო.

მას შემდეგ აქტივისტები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები სოფელ გუმათთან იმყოფებიან. პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მათ მისცეს სოფელ ნამოხვანში შეკრების შესაძლებლობა, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანში აქციის გასამართად ისინი სამართალდამცველებს ალტერნატიულ ლოკაციასაც სთავაზობენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო იქნება კარვების გასაშლელად. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელში გადაადგილების საშუალება მისცეს.