ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან, სოფელ გუმათის შესასვლელთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გზა აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს გზის ორივე მხარეს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, ისინი მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არ გაატარეს კომპანია ENKA-ს კუთვნილი მიკროავტობული.
რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ისინიც ისევე შერჩევითად გაატარებენ მანქანებს, როგორც პოლიცია ატარებს შერჩევითად სოფელ ნამოხვანისკენ მოსახლეობას. როგორც მაკა სულაძე განმარტავს, მოსახლეობას დაბრკოლება არ შეექმნება გადაადგილებისთვის.
„ჩვენც შერჩევითად გავუშვებთ აქ [ტრანსპორტს], იმისთვის, რომ მოსახლეობა არ დაბრკოლდეს, მაგრამ დაბრკოლდება კომპანია ENKA, რომელსაც იცავს ქართული პოლიცია“, – განაცხადა მაკა სულაძემ.
ამასთან, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თეთრი მიკროავტობუსი იყო კომპანია „ENKA-სი” და ამის გამო არ გაატარეს ის გზაზე.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს შორის ასევე არიან პროვოკატორები, რომლებიც რადიკალური მოქმედებებით გამოირჩევიან ადგილზე, ამიტომ მოუწოდა მათ მხარდამჭერებს, მშვიდობიანი გზებით გააგრძელონ ადგილზე პროტესტი.
სოფელ გუმათიდან ჰესის მოწინააღმდეგეებმა ამ ადგილზე რამდენიმე საათის წინ გადაინაცვლეს. როგორც გოლეთიანი ამბობს, პოლიციის უფროსისგან ვერ მიიღეს დასაბუთება, რატომ არ უშვებენ ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაკეტონ გზა, რათა ხეობაში შესვლა კომპანიის მანქანებმაც ვერ შეძლოს.
პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის გონივრული ვადა აქვს მიცემული, რათა გაათავისუფლონ საავტომობილო გზა.