აქტივისტი გიორგი მუმლაძე სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტი გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს უწყება.

გიორგი მუმლაძის დაკავების კადრებს „ფორმულა“ ავრცელებს.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავდა. აქციაზე აქტივისტებმა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს და შენობაში შესვლის მცდელობისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც შენობის წინ სცადეს წარწერების გაკეთება. ამ დროს სამართლადამცველებმა, აქტივისტების ინფორმაციით, 5 პირი დააკავეს.

აქტივისტები 18:00-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.