მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტები, ვარლამ გოლეთიანი და მირზა ნოზაძე ეხმაურებიან სამინისტროების განცხადებას ნამახვანჰესის პროექტის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი, დიალოგისთვის არ იყოს და საკითხები ისე უნდა იყოს დაყენებული მხარეების მიერ, რომ მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ ჰქონდეს შეხვედრას. როგორც ისინი ამბობენ, ამ ეტაპზე მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად სურთ დიალოგის პროცესისთვის კალაპოტის მიცემა. აქტივისტებმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ქუთაისიდან მისი „გაპარვის” დღეც გაახსენეს.
მირზა ნოზაძემ მინისტრს დღეს ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან მიმართა:
„ჩვენ ვნახეთ ქალბატონი თურნავას განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ თითქოს პასუხები არ გვაინტერესებს, და ის ამიტომ არ გვცემს პასუხებს, ქალბატონო თურნავა, მოახსენეთ საზოგადოებას, ასევე პირდაპირ ეთერში, ასევე მედიის საშუალებით, ვინ შეათანხმა ფორმატი თქვენთან შეხვედრის [ქუთაისში]?! ვინ მოგიწოდებდათ დიალოგზე, დიალოგი არ იყო თქვენი ინიცირებული, დიალოგი იყო ჩვენი პროტესტის მოთხოვნა, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის დინამიკური მოთხოვნა და ამ ჩვენს ინიცირებულ შეხვედრაზე სწორედ ქუთაისიდან გაიპარეთ თქვენ და დატოვეთ უპასუხო კითხვები, და შეგვატოვეთ ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი კითხვების ადრესატები არ არიან…
ჩვენ ვნახეთ პატრიარქის მოწოდება და ვითხოვთ მისგან ლოცვა-კურთხევას და მის მოწოდებას ვუერთდებით. გაიაზროს ხელისუფლებამ დიალოგის მნიშვნელობა და მოეშვას დიალოგის წარმართვისთვის კალაპოტის შექმნას.
ისინი ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ისინი ჩვენ სიტყვამრავლობით ვერ მოგვიგებენ, ჩვენ მათ უნდა დაგვიპირისპირონ მხოლოდ ჭეშმარიტება, და თუ ეს მათ არ აქვთ, აუცილებელია, რომ მათ აღიარონ თავიანთი დანაშაული, შეცდომები და ჩვენ მათ ამას ვაპატიებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ამას აღიარებენ და „ენკასთან” ანტისახელმწიფოებრივად გაფორმებულ ხელშეკრულებას გააუქმებენ, გამოაცხადებენ მორატორიუმს და დაიწყება ენერგოპოლიტიკის ეროვნული [დოკუმენტის] შემუშავება”, – განაცხადა ნოზაძემ.
ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას ეხმაურება საპატრიაქოს და მინისტრების მოწოდებებს დიალოგთან დაკავშირებით:
„ზოგადად დიალოგთან დაკავშირებით ჩვენ გაცხადებული დამოკიდებულება გვაქვს, რომ დიალოგზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ დიალოგი არ უნდა იყოს დიალოგისთვის, როგორც ამას მინისტრი ამბობს, მათ ქმედებაში მხოლოდ ის ჩანს, რომ დიალოგი დიალოგისთვისაა, ჩვენ კი მუდმივად კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ მიმართულებით. ასევე, მივესალმებით საპატრიარქოს განცხადებას, რომ დიალოგი უნდა შედგეს, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით, და თუკი დიალოგს დააპირებს ჩვენთან, გაითვალისწინოს ამ თვალსაზრისით რა არის ჩვენი მოთხოვნები”, – ამბობს გოლეთიანი.