დღეს დილით გუმათჰესთან, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები უკვე რამდენი დღეა შეკრებილები არიან, ულტრანაციონალისტური ჯგუფი „ქართული მარში“ მივიდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას რიონის ხეობის მცველი, პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორი, მირზა ნოზაძე ამბობს, რომ ისინი ემიჯნებიან ნებისმიერ პოლიტიკურ სიმბოლიკასა და კერძო ჯგუფების კერძო ინტერესებს.
მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს სოლიდარობა პროტესტის მიმართ, თუმცა, ტრიბუნა და განცხადებები პროტესტის შინაარსზე დაეთმობა მხოლოდ აქციის ორგანიზატორებს.
„როგორც აქამდე ვნახეთ, ტრიბუნა და განცხადებები პროტესტის შინაარსის განიმარტება მხოლოდ პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან. თუ ჩვენ აქ ვიხილავთ ინტერვიუებს, მოწოდებებს და ლაივებს ეს მათი პირადი ემოციების გამოხატულებაა, რა თქმა უნდა, და თუ ის წინააღმდეგობაში მოდის ჩვენ მიერ გაცხადებულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ამ პროტესტის მართვისა, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ასეთ განცხადებებს“, – თქვა ნამახვაჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ.
მისი თქმით, ისინი „ქართულ მარშთან“ გაისაუბრებენ. ის ასევე აღნიშნავს, რომ აქციაზე ორგანიზატორები არ დაუშვებენ პროვოკაციას.
„ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციას. „ქართულ მარშთან“ აუცილებლად გავისაუბრებთ. არა მგონია „ქართული მარში“ გვიერთდებოდეს პროვოკაციული განცხადებებით, რადგან ზოგადად მათი განცხადებები არის სოლიდარობის გამომხატველი [ჩვენ მიმართ]. როგორც ჩვენ ვიცით, ისინი პატივს სცემენ ორგანიზატორების შეხედულებებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ პათოსს ინარჩუნებენ.
ყველას აქვს უფლება, სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს პროტესტს, მაგრამ პროტესტის ორგანიზატორების მიერ გამოთქმული შეხედულებები და აზრები წარმოადგენს ამ პროტესტის შინაარსსა და სულისკვეთებას“, – თქვა მან.
„რიონის ხეობის მცველი“ მირზა ნოზაძე აცხადებს, რომ პროტესტს შესაძლოა შეუერთდეს სხვადასხვა ჯგუფი და რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები ცდილობენ, შეისწავლონ შემოერთებული ჯგუფების განწყობები.
მირზა ნოზაძის თქმით, ხელისუფლება ვერ შეძლებს აქციის განწყობების წარმოჩენას მარგინალიზებულად და რადიკალური გზით.
„ვერც მედია და ვერც ხელისუფლება ვერ შეძლებს ნებისმიერი განწყობების წარმოჩენას მარგინალიზებულად და რადიკალური გზით. თქვენ აქ ყოველდღიურ რეჟიმში ხართ დამკვირვებლები ამ პროტესტის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები ხელისუფლებასთან. პასუხებისთვის ვიწვევთ მათ, ვაიძულებთ, რომ პასუხი გასცენ იმდაგვარად, როგორც ეკადრებათ ამ პროტესტის ავტორებს“, – თქვა მან.
ნოზაძემ ასევე ისაუბრა ძმები წულუკიძეების შესახებ. მისი თქმით, როდესაც მიიღეს ინფორმაცია ბათუმიდან ჯგუფის შემოერთების შესახებ, აქციის ორგანიზატორები შეხვდნენ ჩამოსულებს, რათა დაედგინათ ჩამოსვლის მიზეზი. მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია წულუკიძეების განწყობების შესახებ და არ იცნობდნენ მათ პირადად. მისივე თქმით, ბათუმიდან ჩამოსული ჯგუფის მონაწილეობით აქცია კონსტრუქციულად წარიმართა.
„სამწუხაროდ, აქციის დატოვების შემდეგ ჩათესილმა პროვოკაციულმა ჯგუფებმა მათი გაღიზიანება გამოიწვია და სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ კადრები, რაც მოხდა. ჩვენი მონაწილეები მხოლოდ ცდილობდნენ მათ გაშველებას. თქვენ კარგად შეგიძლიათ გამოიკვლიოთ პოლიციელები როგორი პასიურები იყვნენ და ცდილობდნენ, რომ პროცესები უმართავი გამხდარიყო“, – განაცხადა მერაბ ნოზაძემ.
მისი თქმით, ეს არის გულწრფელი, ახლად გააქტიურებული ხალხის პროტესტი, რომლის უკანაც დგას ჭეშმარიტება.