მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ „რიონის ხეობის მცველებს” შეხვედრა ჰქონდათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და მათ ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ ნოზაძემ გუმათში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ის ამბობს, დიპლომატებთან შეხვედრები კვლავ იქნება.
„ჩვენ მოვახერხეთ და ხმა მივაწვდინეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დღეს გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ვადასტურებ, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მათ ჩვენ მოგვისმინეს, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. გვექნება შემდგომი შეხვედრები, სადაც ჩვენ ხმას მკაფიოდ მივაწვდენთ საერთაშორისო საზოგადოებას.
ისინი გაიგებენ, როგორ ექცევა დღეს ხელისუფლება თავის მოსახლეობას, როგორ არბევს უკანონოდ და როგორ იტაცებს ადამიანებს პროვოკაციულად და მოტაცებულ ადამიანებს სცემს დემონსტრაციულად მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს აქციის მონაწილეთა ემოციური უკონტროლობა და ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააკავოს და ბრალდებულად გამოაცხადოს“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.