შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები არიან გიორგი ჯანაშია, რომელსაც მსჯავრად შერაცხული აქვს დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობა და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით.

ამავე საქმეზე დაკავებულია მიხეილ კალანდია, რომელმაც 11 წელი და 3 თვე უნდა გაატაროს საპატიმროში.