პარლამენტის წინ 9 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის წინ, სადაც რამდენიმე წუთის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო, 9 ადამიანი დააკავეს.

როგორც უწყებაში „პუბლიკას” განუცხადეს, მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავება.

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში” ცნობით, დაკავებულები არიან – ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია, გიორგი მუმლაძე, ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ზურა მჟავანაძე.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები.

ისინი მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვებისა და აქციის ატრიბუტიკის გატანას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება.


მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.


„პუბლიკას” თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

მათი თქმით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს.