საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან, აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისში დიალოგის გასაგრძელებლად ასევე იმყოფებიან დეპუტატები.
„რიონის ხეობის მცველი“ და აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათ სურთ დიალოგი, მაგრამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ აიღოს რკინის ბარიკადები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა შეძლონ ნამოხვანში კარვების გაშლა.
„ჩვენ ვაყენებთ კონკრეტულ პირობას და რა პირობაა ეს: აიღონ ეს კედელი, წავალთ ნამოხვანში, გავშლით ისევ კარვებს, გავაგრძელებთ პროტესტს. ამის შემდეგ თუ მათ უნდათ ჩვენთან დიალოგი და ეს დიალოგი არ არის ისევ მხოლოდ ლოზუნგი, მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები და შინაარსობრივ მხარეზე ვისაუბროთ ნამოხვანში, ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – თქვა მან.