დანარჩენი ბარიერების აღებაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად - იმერეთის რწმუნებული

პუბლიკა

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები ამბობენ, რომ რკინის კედლის ნახევრად აღება არაფერს ნიშნავს და ისინი გადაადგილების უფლებას ითხოვენ.

იმერეთი სახეწლმიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ სოფელ გუმათთან რკინის კონსტრუქციების ნაწილის აღება მათი მიერ გადადგმული პატარა ნაბიჯია.

„ნაწილი ბარიერების აღება მოხდა, იცით რომ გუშიმ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად სიტუაციისდა შესაბამისად. ეს არის პირველი, შეიძლება ითქვას, პატარა ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენ გადავდგით.

ალტერნატივა მოლაპარაკებას და დიალოგს არ აქვს და ჩვენ ყველა ძალებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი. მარტივი არ იქნება თავისთავად, “- ამბობს ის.

1 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო.  ამ დღიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებდა. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით” იზღუდებოდა.

გზის გახსნა და ნამოხვანში დაბრუნება არის ერთ-ერთი პირობა დიალოგის განახლებისთვის – 16 აპრილს ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მოძრაობის – „რიონის ხეობის” გადარჩენისთვის” აქტივისტის ვარლამ გოლეთიანი თქმით, მათ წამოაყენეს სამი პირობა იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება იყოს შესაძლებელი.

„შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც იქაა. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავბრუნდეთ პროტესტის ადგილას – ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ იქ”, – განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.