საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მუქარისა და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევის ფაქტშზე ო.ი.-ს ბრალდება წარუდგინა.
„შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში ო.ი.-მ, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით ორ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ხოლო ერთ-ერთს დანის სხეულთან ახლოს დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – ამბობს პროკურატურა.
პროკურატურისვე მტკიცებით, ბრალდებულმა ერთ-ერთს, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, მობილური ტელეფონი წაართვა, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მასში და მისი მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი წაშალა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ო.ი. 2021 წლის 21 აპრილს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობითვე, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონსძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.