მერია: რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია, შეუძლებელია, იქ დავუშვათ ქაოსური გარევაჭრობა

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და არ დაუშვებენ უწესრიგობასა და ქაოსური გარევაჭრობას. მერია აცხადებს, რომ არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და გარემოვაჭრეებს სთავაზობს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით.

„საახალწლო ბაზრობები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე, ასევე პარლამენტის წინ იფუნქციონირებს 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა რაიონში გამოყოფილ ადგილებზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება 7 იანვრის ჩათვლით“, – აცხადებს მერია.

მერია ასევე აცხადებს, რომ პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია.

„იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურდათ ვაჭრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შეეთავაზათ ალტერნატივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აცხადებს მერია.

თბილისის მერიის განცხადებით, ასევე დედაქალაქის მასშტაბით გამოყოფილი იყო შემდეგი ადგილები:

• ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე;
• ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
• მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე;
• ვერის ბაღის შესასვლელთან;
• მეტროსადგურების – ,,დელისის“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
• სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
• ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
• მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
• გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში;
• დიდუბეში, ბორის პაიჭაძის N1-თან;
• ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარედ, თიბისი ბანკთან;
• ჯავახეთის ქუჩის N23-ის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობასთან;
• კალოუბნის ქუჩაზე, ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.