ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებული დღეს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ ორგანიზაცია Tbilisi Pride-ში დაუდასტურეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს იურისტი ნინო ბოლქვაძეც.
„ლესბოსელ წყვილზე მოძალადე, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. მოძალადე და მსხვერპლი ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ”, – წერს იურისტი.
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 20 აპრილს თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი 1984 წელს დაბადებული ო.ი. მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით გუშინ თბილისში დააკავეს.