ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით და მოკლე ხანში მისი გამოყენების პრაქტიკაც დაინერგება.
„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში – PCR-ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“, – განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ცენტრში ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე.
„ისინი მუშაობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ასევე ესტონეთთან ერთად. ეს პასპორტი იმ პრინციპებზე იქნება აგებული რა პრინციპებზეც იგება ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი, სადაც იქნება აცრის სტატუსი, იქნება ვირუსის გადატანის ვადები და ასევე PCR ტესტის სტატუსი. თითქმის ბოლომდეა მისული ეს სამუშაო, თანმხდება ეს საკითხები სამინისტროს IT სამსახურთან, ვფიქრობ რომ ეს სადღაც მომავალი 2 კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს, რამეთუ ჩვენ დღეს უკვე გვყავს 2 887 ორჯერადად ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომელმაც შეიძლება მოგვთხოვოს, რომ სჭირდება კოვიდპასპორტი, დღეს ეს ჩვენ შეგვიძლია გავცეთ იმუნიზაციის ბაზიდან ამობეჭდევის საშუალებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.