საქართველოს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ. ისინი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას ესწრებიან.
პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის.
„საკმაოდ რთული დღეა დღეს, რადგან 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის. უბრალოდ დღეს დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია როგორც „საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს განვითარების გზა“. და ეს შეთანხმება არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის, უშუალოდ შარლ მიშელის შეთანხმება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სანდო არჩევნების ჩატარებას. მისივე თქმით, შეთანხმებაში აღიარებულია, რომ ქვეყანაში არის მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეთანხმებაში კონკრეტული მექანიზმებია გათვალისწინებული.
„შარლ მიშელის დოკუმენტით ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდით, რომ საქართველოში იქნება მხოლოდ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რაც არის 20 ივნისის პროტესტის შედეგის საბოლოო იმპლემენტაცია ამ პარლამენტის მიერ. შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა და 2021 წელს ჩვენ შევთანხმდით, რომ რეფერენდუმის გზით ფაქტობრივად, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გაიმართება, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რეალურად ვის ანდობს და რამდენად ენდობა იმ საარჩევნო შედეგებს, რაც არის 2020 წელს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, ამ შეთანხმებას ზოგიერთი აღიქვამს საკუთარ მარცხად, მაგრამ როგორც ის ამბობს, ეს ის შემთხვევაა, როცა შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე საქართველოს განვითარებაში, როცა თითოეულ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინო სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა იარონ.
„შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება არის ევროუპული კულტურა, შეთანხმება ეს არის დასავლური კულტურა. ის მისწრაფებაა, საითაც ჩვენ ყველანი მივდივართ – ეს არის ნატო, ევროკავშირი, დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიან წევრობა. რაც მთავარია, ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ჩვენ დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ის განცხადებებია პირდაპირ, რომელიც ამბობს, რომ ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, დაჩქარდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრება და გაღრმავდება თუ არა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ კოლეგებს მოუწოდა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ შესაძლებლობას, არ გააჭიანურონ პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ყველა ის ცვლილება, რომელიც დოკუმენტშია აღნიშნული.
„დღეს უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს ჩვენ და მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეიდან იმედი მაქვს, რომ გაცილებით უფრო აქტიურად შევძლებთ პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს ოპონენტებს, თუ რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში…“, – განაცხადა ვაშაძემ.