„30 წელია, ამ დარბაზში არ ვყოფილვარ ... სამწუხაროდ, კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე“ - ჯაფარიძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ. ისინი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას ესწრებიან.

პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირისა და შტატების მედიაციით მომზადებული დოკუმენტზე ხელმოწერა ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.

„30 წელი გავიდა, ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ ვიყავი უზენაესი საბჭოს წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა ამ სახელწმიფოში, რომლის გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო ამ პერიოდის განმავლობაში. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ და პოლიტიკურმა კლასმა, რომ ქვეყანა ოდნავ მაინც მიგვეახლოებინა ევროპულ სტანდარტებთან.

ახლა შეერთებული შტატების და ევროკავშირის მედიაციის მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით ჩვენს ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს; რომ ჩვენ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრებას, ამისთვის აუცილებელია დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ყველა სისხლის სამართლის საქმე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ


საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 2 ბლოკიდან და 7 პარტიიდან 150 დეპუტატია არჩეული. მათგან 60 ოპოზიციონერია, თუმცა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „მოქალაქეების“ ჯამში 6 დეპუტატი მუშაობდა. დანარჩენი ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა და საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩაერთნენ, შემუშავდა დოკუმენტი, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა, ამ ეტაპზე, 17-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა. ხელმომწერებს შორის არ არიან „ევროპული საქართველოს“ სიიდან გასული ტარიელ ნაკაიძე და ელენე ხოშტარია, რომელმაც პარტიიდან წასვლის შემდეგ უარი თქვა მანდატზე; შალვა ნათელაშვილი; თაკო ჩარკვიანი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი იყო და „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ბლოკიდან დეპუტატთა უმრავლესობა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დაიწყებს საქმიანობას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ შეიწყალებს გიორგი რურუას. გარდა ამისა, პარლამენტში დაინიცირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, ნიკა მელიას ამნისტიას გაითვალისწინებს.

ამნისტიის აქტს კითხვის ნიშნები მოჰყვა. თავად ნიკა მელია და 20 ივნისს დაზარალებულები აპროტესტებენ მას და აცხადებენ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ბრალდებისგან გათავისუფლება.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის აქტს აპროტესტებენ, დეპუტატებს პარლამენტთან შეძახილებითა და საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციონერებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.