„გადაღლილი ექიმი ვერ გასწევს სათანადო ხარისხის საქმიანობას“ | ტიკარაძე ექიმების ანაზღაურებაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. მინისტრი თავის გამოსვლაში ჯანდაცვის სისტემის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიასა და სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალისთვის ჯანსაღი შრომითი გარემოს შექმნა და ღირსეული ანაზღაურების სისტემაა.

„სამინისტროს მიერ, გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებების ეფექტური მართვით, მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება. პანდემიის პერიოდმა ეს მოცემულობა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა.

დღეს რიგით ექიმებს მწირი ანაზღაურების გამო უწევთ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე საქმიანობა, რათა შეძლონ საჭირო თანხის გამომუშავება. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რადგან ექიმს გარკვეულწილად უწევს  გვერდზე გადადოს თავისი პროფესიული ღირებულებები და უფრო მეტად ორიენტირებული იყოს პაციენტების რაოდენობაზე. გადაღლილი ექიმი ვერ გასწევს სათანადო ხარისხის საქმიანობას ამიტომ სახელმწიფო აუცილებლად შეუქმნის მათ ისეთ პირობებს, რომ მათი ერთადერთი საზრუნავი იყოს პაციენტების ჯანმრთელობა.

შრომითი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, სამედიცინო ჰოლდინგი, მასთან დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალისთვის ნერგავს უწყვეტი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პლატფორმას, რათა ექიმებს სამედიცინო განვითარების შესაძლებლობებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ“, – ამბობს ის.

მისი თქმით, სამედიცინო საჭიროებებისთვის აქტიური მიგრაცია ქვეყნის დიდი გამოწვევაა. მაგალითად, მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1 200-მდე პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდა, რაზეც 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

„საყურადღებოა, რომ რეფერალის ფარგლებში გაცემული თანხების შესწავლის მიზნით, ჩვენ ჩავატარეთ შიდა აუდიტი, რომელმაც გამოავლინა, რომ გაცემული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელი რჩება პაციენტების მიერ. მაგალითად, 2017-2021 წლებში, პაციენტების მიერ გამოუყენებელი დარჩა 600 000 ლარი. სამინისტრომ მოიძია აღნიშნული თანხები და ბიუჯეტში დააბრუნა“, “- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.