„კანონმდებლობა არსებითად მკაცრი რჩება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ საშუალებათა რეგულარული მომხმარებლების მიმართ”, – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) ნარკოპოლიტიკის 2020 წლის ტენდენციების შესახებ ანგარიში მოამზადა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი კვლავაც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. საკითხთან დაკავშირებულ კომპლექსურ პრობლემებზე სახელმწიფოს რეაგირება, არსებითად სისხლისსამართლებრივ ჭრილშია მოქცეული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, გასული წლის მცირე პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სამართალდამცავთა მნიშვნელოვან ბერკეტად რჩება ნარკოტიკულ დანაშაულთა გამოვლენის და მასთან ბრძოლის პრობლემური საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რისი შეცვლაც, მხოლოდ ფუნდამენტური რეფორმებით არის შესაძლებელი.
ნარკოდანაშაულის სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი
„მნიშვნელოვნად შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ზოგადად ნარკოტიკულ დანაშაულებზე, თუმცა მცირედით (5%-ით) გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქმედებას, მათ შორის, შეძენას, შენახვას, გასაღებას აერთიანებს;
კიდევ უფრო შემცირდა ნარკოტიკულ დანაშაულზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის წილი და ის 2020 წელს 0,13%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 0,4% იყო;
2019 წელთან შედარებით (10797 პირი), განახევრდა ნარკოტესტირებაზე წარდგენილთა მთლიანი რაოდენობა (4936 პირი). ამასთანავე, გასულ წელს, 2019 წლის მონაცემებთან (64%) შედარებით, მცირედით იკლო ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა შემოწმების დადებითობის მაჩვენებელმა (61%)”, – წერს SJC.
სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენის სტატისტიკა
გასული წლის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას. მთლიანობაში, სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკულ დანაშაულზე, 2020 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 2 946 პირი, რაც 2019 წლის (5 120 პირი) მონაცემების 57.5%-ია.
2020 წელს, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2 591 პირის მიმართ, 4 ბრალდებული კი გამართლდა წაყენებულ ბრალდებაში. სისხლისსამართლებრივი დევნის შემცირებისგან განსხვავებით, მცირედით გაზრდილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების სტატისტიკა სსკ-ის 260-ე მუხლთან მიმართებით. თუ 2019 წელს ხსენებული სასჯელი ამ კონკრეტული მუხლით ბრალდებულთა 29%-ის მიმართ გამოიყენებოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 34%-ს უტოლდება. თუმცა, მთლიანობაში, ნარკოტიკულ დანაშაულებზე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არსებითად იგივე რჩება (20%), რაც დაახლოებით ყოველი მეხუთე პირის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებას გულისხმობს.
გასული წლის მონაცემებით, თავისუფლების აღკვეთის გარდა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა დაახლოებით ნახევარს (1230 პირი) შეეფარდა პირობითი მსჯავრი, რაც განსაკუთრებით ჭარბობს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების შეძენისა და შენახვის, მცენარე კანაფის კულტივირების შემთხვევებში. ჯარიმა შეეფარდა მსჯავრდებულთა 16,9%-ს, 17,7%-ის მიმართ კი გამოყენებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. 23 ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სიხშირით ეკისრება მცენარე კანაფის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისთვის მსჯავრდებულებს.
ალტერნატიული სასჯელების გამოყენების გასული წლის სტატისტიკური მონაცემები არსებითად არ განსხვავდება 2019 წლის მაჩვენებლებისგან, რომელიც ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა ნახევარი პირობით მსჯავრდებული იყო, 16.6%-ს ჯარიმა, 14.2%-ს კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა
მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის ან მოხმარების პირველ შემთხვევაში, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და სანქციის სახით ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ანალოგიურად ადმინისტრაციულად დასჯადია მცირე ოდენობით მარიხუანის ფლობა ან საჯარო სივრცეში მოხმარება.
გასული წლის სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სულ 3 168 პირს დაეკისრა. ორი შემთხვევის გარდა, როდესაც პასუხისგებაში მიცემულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ყველა სხვა საქმეზე სასამართლომ სანქციის სახით ჯარიმა გამოიყენა. ხსენებულ სამართალდარღვევებზე 2020 წელს პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს, რომლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ჯარიმა ან პატიმრობა ადმინისტრაციული წესით 6 325 პირს შეეფარდა.